May 1, 2009

დაბლოკილი ნიუსები

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის 70%-იანი წილის მფლობელი, კომპანია “დეგსონ ლიმიტედი” გახდა. გარიგება ცოტა ხნის წინ განხორციელდა, როდესაც ტელეკომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა თავისი 30%-ი და "გეომედია გრუფ კორპ"-მა კუთვნილი 40%-ი, დეგსონ ლიმიტედს გადაუფორმეს. ტელეკომპანიის 30%-ი, კვლავ რჩება ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" საკუთრებაში. ირაკლი ჩიქოვანმა, რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა.


კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ტელეკომპანია "მეცხრე არხს", ლიცენზია გააუქმა. მიზეზი, კანონით დადგენილ ვადაში – ზედიზედ 3-ი თვის განმავლობაში, ტელეკომპანიის ეთერში გაუსვლელობა გახდა. "მეცხრე არხი" მაუწყებლობის ორი ლიცენზიის მფლობელი იყო და მათ მოდიფიცირებას ერთ, გასართობ-შემეცნებით ლიცენზიად ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, მეცხრე არხი უახლოეს მომავალში, სატესტო რეჟიმში მაუწყებლობის აღდგენასაც აპირებდა. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომუნიკაციების კომისიამ, არა ლიცენზიის მოდიფიცირება, არამედ მისი გაუქმება გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობა, კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

No comments: